ავტორიზაცია
  • 1. რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ავტორიზაციის პროცესი?

    ეს პროცესი სავალდებულოა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. თუ დაწესებულებას სურს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, მან საავტორიზაციო განაცხადით უნდა მიმართოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. 
    საქართველოს განათლებისა და მეცენიერების მინისტრმა ბრძანებით განსაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპები, რომლის გაცნობას შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: www.eqe.ge

    2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვას. ამ მიზნით ცენტრმა შეიმუშავა  თვითშეფასების კითხვარისა და ანგარიშის ფორმები, რომელთა მიხედვითაც ყველა სკოლა  საკუთარ პროგრამებს, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს შეაფასებს. თვითშეფასების ანგარიშს სკოლები 2011 წლიდან წარმოადგენენ. თვითშეფასების ანგარიშების ანალიზის საფუძველზე ცენტრი სკოლებს სწავლების ხარისხის ასამაღლებლად რეკომენდაციას გაუწევს.

    3. ვრცელდება თუ არა რაიმე შეღავათები პროფესიულ სასწავლებლებზე?

    სახელმწიფო ხელს უწყობს 2010 წლის 1 სექტემბრამდე არსებულ პროფესიული სწავლების ცენტრებს და არ ზღუდავს მათი საქმიანობის უფლებას. ისინი ითვლებიან დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. მათ კი, თავის მხრივ, განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსები უნდა შეუსაბამონ ავტორიზაციის სტანდარტებს.
    ამასთან, თუ დაწესებულება ახალდაფუძნებულია და სურს პოფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, მან უნდა მიმართოს ცენტრს და გაიაროს ავტორიზაცია.

    4.სავალდებულოა თუ არა ავტორიზაციის გავლა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად?

    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი) სტატუსის მოპოვებისთვის აუცილებელია ავტორიზაციის პროცედურის გავლა. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია, გაიაროს ავტორიზაცია.
    ამასთან, აკრედიტებული ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ითვლებიან აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან, გაიარონ ავტორიზაცია.

    4. როგორ ხორციელდება ავტორიზაცია?

    სტატუსის მაძიებელი პირველ ეტაპზე ახორციელებს თვითშეფასებას.  საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო სივრცეში საკუთარ მისიას, აფასებს საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს. თვითშეფასების შემდეგ ავტორიზაციის ექსპერტები ამოწმებენ დაწესებულების პირობების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან (საგანმანათლებლო პროგრამები,  მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი), რასაც გარე შეფასების პროცესს ვუწოდებთ.
    ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
    •    საავტორიზაციო განაცხადის წარდგენას;
    •    ავტორიზაციის მაძიებლად ცნობას;
    •    ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნას;
    •    საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებას;
    •    ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის შედგენასა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას;
    •    ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვას;
    •    გადაწყვეტილების მიღებასა და გამოქვეყნებას. 
    ამ გზით დგინდება, რამდენად ობიექტური და ადეკვატურია თვითშეფასება სასწავლებელში რეალურად არსებულ სიტუაციასთან. თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულების საკითხს ავტორიზაციის საბჭო დაწესებულების პოზიციის გათვალისწინებით განიხილავს. ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს ავტორიზაციის საბჭო, მაძიებლად ცნობიდან 90 დღის განმავლობაში.


    რა ბედი ეწევათ ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, თუ დაწესებულება  ვერ გაივლის ავტორიზაციას?

    იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  ვერ გაივლის ავტორიზაციას, შედეგები არ გავრცელდება ამ დაწესებულებაში 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩარიცხულ პირებზე. დაწესებულება უფლებამოსილია,  ამ პირებზე გასცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ იგი არ იქნება სახელმწიფოს მიერ აღიარებული. თუმცა, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, შესაძლებელია მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება სახელმწიფოს მიერ.  განათლების აღიარებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით.

    რამდენ წელიწადში ერთხელ ხორციელდება ავტორიზაცია?

    აკრედიტაციასა და ავტორიზაციას 5 წელიწადში ერთხელ ყველა ის საგანმანათლებლო დაწესებულება გადის, რომელთაც შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება სურთ.   


  • 1